"მთავარი არხი" მარეგულირებელი კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდასა არ აპირებს. ტელეკომპანია სანქციის გასაჩივრებასა და დავის სამართლებრივად გაგრძელებას გეგმავს.
ტელეკომპანიის ადვოკატები ამბობენ, რომ ეს სანქცია არის ცენზურის დაწესების მცდელობა, რაც "ოცნების" ინტერესებს ემსახურება და რის წინააღმდეგაც ყველა კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია უნდა ჩაერთოს.
მათივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გააჩუმოს ყველა კრიტიკული მედია.
"ნამდვილად საგანგაშოა დღევანდელი მდგომარეობა, უკვე კრიტიკულ ზღვარს ვართ მისულები. ამის იქით მართლაც ნიშნავს იმას, რომ ყველას დაგვხურავენ. ამიტომ ახლა გვჭირდება გაორმაგებული ბრძოლა არამხოლოდ მთავარ არხს, არამედ ყველა კრიტიკულ მედიას, ვისაც უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი და იცოცხლოს ამ ქვეყანაში როგორც მედიამ. ამიტომ ჩვენ და მგონი, რომ ჩვენი მეგობარი ტელევიზიებიც მოვიკრებთ ძალას და გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ სხვადსხვა მეთოდებით.
სასამართლოში ბრძოლის გარდა, ვაპირებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ასევე ვიყოთ აქტიურად თანამშრომლობაში, მათ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ძალიან მიყურადებულია ეს თემა, თითქოს, თავისთვის არის მარეგულირებელი კომისია და არაფერს აშავებს და სინამდვილეში, ძირს უთხრის დემოკრატიას", - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.
შეგახსენებთ, ბექაურის უწყებამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. "მთავარი არხი" 112 000 ლარით დაჯარიმდა.
კომუნიკაციების კომისიამ კოლოსალური ჯარიმის მოტივად არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელება დაასახელა.