უმისამართო სროლა ვარკეთილში - ოთხსაათანი სპეცოპერაციის შემდეგ შუახნის მამაკაცი ჩაბარდა

გამოქვეყნდა:

უმისამართო სროლა ვარკეთილში - შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია შუამთის 22 ნომერში, სადაც 45 წლის კაცი ბინაში იყო ჩაკეტილი.

პოლიციამ ის ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დააკავა. შუახნის კაცმა სანადირო თოფი ფანჯრიდან გადააგდო და პოლიციას ჩაბარდა. 

დაკავებამდე ის დედას ესაუბრა და მის სახლთან მიმდინარე ოპერაციის დეტალებს მოუყვა. ჩაბარებამდე საცხოვრებელ სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული მობილიზაცია ჰქონდა. ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შეირაღებული მამაკაცის საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს პერიმეტრზე იყვნენ განლაგებული სნაიპერები, ტერიტორიაზე მოყვანილი ჰყავდათ ჯავშან ტრანსპორტიორი "კობრა", ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები.

პოლიციის თითქმის ყველა დანაყოფის მობილიზება დღის პირველი საათიდან დაიწყო, როდესაც ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლამდე ნასვამ მამაკაცს კონფლიქტი ოჯახის წევრებთან ჰქონდა და სროლა მან ჯერ საკუთარი შვილების შეშინების მიზნით ბინაში დაიწყო, მოზარდების გაქცევის შემდეგ კი გარეთ გააგრძელა.

ადგილობრივები პირად საუბარში ამბობენ, რომ კონფლიქტი და უთანხმოება მამაკაცს ოჯახთან მანამდეც ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მასზე ორი შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი და დღეს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მეუღლესთან კონფლიქტს ადასტურებს დაკავებულის დედაც და მისი ცოლისდაც.

ოჯახური კონფლიქტის გარჩევა ახლა სასამართლოში გაგრძელდება, თუმცა შუახნის მამაკაცს პასუხისგება დღევანდელი სროლისთვისაც მოუწევს. შინაგან სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 45 მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი