ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 45 წლის კაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში მიწის მასა, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს ჩამოიშალა და 2 ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი მაშველებმა ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.
"ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.
რამდენიმე საათის წინ ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. ტყიბულში მობილიზებულები იყვნენ ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები",-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ღია კარიერის მეპატრონე, ამ წუთებში, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. კარიერის მეპატრონის დის თქმით, ადგილზე, შემთხვევის დროს, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.