უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუ მუშების დაუდევრობა - ესაა მთავარი კითხვა ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საქმეში ექსპერტ-კრიმინალისტები არიან ჩართული.
7 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მცირე შახტაში მიწის ჩამოშლილ მასაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი დაშავებულის, 65 წლის ვიტალი ტურძელაძის მდგომარეობა კი კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზეა.
"ძალიან მძიმედ არის, გუშინ კატე გადაუღეს და თქვეს, რომ დაჟეჟილობა აქვსო ძალიან მაგარი. არ მუშაობდა ეს კარიერი დიდი ხნის მანძილზე, კარიერები საერთოდ აღარ მუშაობს, მაგრამ რემონტი თუ არ ჩატარდა, არ შეიძლებოდა ისე, წყალი გროვდებოდა შიგნით და ესენი იყვნენ რემონტზე წასულები და ჩამოინგრა უცაბედად",- ამბობს დაშავებულის ოჯახის წევრი.
ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, დავით ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა. მასში ორი ადამიანი იყო მოყოლილი. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.