მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ აღძრულ 7 ნოემბრის საქმეზე ისაუბრა.
"რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური პროცესები და კონტექსტი გაიხსენა და თქვა, რომ 2006 წელს პუტინმა უთხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რომ ნატოს მიმართულებით საქართველოს სვლა შეეჩერებინა.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ უთხრა, რომ არკადი პატარკაციშვილს, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, მასთან შეხვედრა უნდოდა და პატარკაციშვილი მინსკში ჩავიდა. ამის შემდეგ კი ლუკაშენკომ თქვა, რომ 2007 წლის სექტემბერში "ეფ-ეს-ბეს" სამი გენერალი პატარკაციშვილს შეხვდა და პუტინმა მას უთხრა, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი პატარკაციშვილი იქნებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომლის თანახმად, 2007 წლის ოქტომბერში ერევანში კანონიერ ქურდებს დაევალათ, რომ საქარველოს დედაქალაქში არეულობები მოეწყოთ.
მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ ამავე თვეში, ოქტომბერში, თბილისში ისტორიული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლები და მეგობარი ქვეყნების საგარეო მინისტრები ესწრებოდნენ, სადაც საქართველოსთვის პრაქტიკულად მაპის მიცემა გადაწყდა.
2 ნოემბერს კი მოხდა დიდი დემონსტრაცია და გამოსვლა თბილისში. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შორსაა იმ აზრისგან, რომ აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა პატარკაციშვილის რუსული გეგმების შესახებ იცოდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოსახლეობის ბრაზს ობიექტური უწოდა და თქვა, რომ ეს ბრაზი უპირველესად მტკივნეული რეფორმებით იყო განპირობებული.
" 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ პოლიციას პატარა შეტაკება მოუვიდა იმასთან, მერე გადაიზარდა იმაში, დაახლოებით ის მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ. ამის შემდეგ ბევრი ხალხი გამოვიდა და ავანსცენაზე იყო შსს მინისტრი. მე ამას ვუყურებდი ტელევიზორით, მე არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია და ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, 1 ადამიანი დაშავდა მძიმედ. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკების",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საკუთარი ნებით გადადგა, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერმა გააკეთა, შეამცირა საპრეზიდენტო ვადა წელიწად-ნახევრით და დათანხმდა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც მოიგო.
მისი თქმით, ამ პროცესების შემდეგ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა შეაქო და უთხრა რომ ეს იყო ღირსეული ნაბიჯები, რადგან ის "არ ეპოტინება ხელისუფლებას".
"ქართველმა ხალხმა გამოიტანა უკვე ვერდიქტი ამ საქმეზე",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.