
10 ნოემბრიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრის უფლება უკანონოდ აქვს შეზღუდული - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა და მოსამართლეს მიმართა მიიღოს განჩინება ამ შეზღუდვის გაუქმების თაობაზე:
"ვინაიდან სატელეფონო საუბრის უფლება შეზღუდული აქვს მიხეილ სააკაშვილს თქვენს მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში, გთხოვთ, მიიღოთ განჩინება მისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის გაუქმების თაობაზე",- თქვა ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
ბექა ბასილაიამ პროკურორების დადგენილება სატელეფონო საუბრის შეზღუდვაზე მოსამართლეს გადასცა და თქვა, რომ პატიმრობის კოდექსის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ეს უფლება სასამართლოში საჩივრის დაყენების გარეშეც უნდა აღდგენოდა.
ბასილაიას თქმით, ამავე მოთხოვნით დაცვის მხარემ პენიტენციურ სამსახურსაც მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.