მიხეილ სააკაშვილი მომავალ სასამართლო სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობის შანსის გამოყენება - ადვოკატი​

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფლებადამცველები ხვდებიან. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე და ასევე, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ისაუბრებენ. 

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებისგან მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვთ, მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, პროცესებზე დასწრებისა და საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. 

"პრინციპში ჩვენ არ გვინდა, შევქმნათ ილუზია, რომ სასამართლოსგან რამეს ველოდებით და სასამართლომ შეიძლება, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელიც არის ტყვე რეალურად და ამაზე ჩვენ გვაქვს მოსმენილი აღიარებითი ჩვენებები განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილისგან, ირაკლი კობახიძისგან. არ ვცხოვრობთ ბუნებრივია, ფანტაზიებში რომ გვჯეროდეს, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომლითაც ხელისუფლებას კი არ ასიამოვნებს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს შეაფასებს სამართლებრივად.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. მას ჰქონდა ეს შესაძლებლობა გუშინ და ის მომავალ სასამართლო სხდომაზეც მიიღებს მონაწილეობას და უსამართლო სასამართლოს უფლებით ისარგებლებს. ვინაიდან ეს არ არის მოლოდინი ობიექტურ სასამართლოზე, ეს არის შანსის გამოყენება მოსახლეობასთან ურთიერთობის", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.  

დღესვე დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას ვიზიტი მესამე პრეზიდენტთან. ის მიხეილ სააკაშვილთან, სავარაუდოდ, პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმასაც განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი