
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ .
ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება.
4 წლის განმავლობაში - 2014-2018 წლებში, დაახლოებით 3000-მდე მოქალაქის მიერ კომპანიის ანაგარიშებზე სავაჭროდ შეტანილმა თანხამ შეადგინა - 27 533 986 ლარი, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ - 12 730 434 ლარს, - წერს პროკურატურა.