დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას ორი პროცესია ჩანიშნული. "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია დაიკითხება. საქმის განხილვა დასკვნით ფაზაში გადადის და 20 დეკემბერს ამ საქმეზე მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
დღესვეა ჩანიშნული ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც, რომელიც რუსთავის 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე,2019 წელს აღიძრა. პროცესი, შესაძლოა გადაიდოს რადგან დროში ემთხვევა პირველი საქმის განხილვას.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს პაატა სალიასთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მომდევნო პროცესზე ექნება.
"არანაირი დანაშაულის ჩადენას აქ ადგილი არ ჰქონია, რეალურად ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდების წარდგენა განპირობებულია პოლიტიკური მოტივაციით", - თქვა მან.
პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თქვა, რომ საქმის აღძვრის საფუძველი სწორედ პაატა სალიას და ნინო ნიჟარაძის განცხადებები გახდა.