სუს-ში მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მირტაგ ასადოვი ამბობს, მას ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს, შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ასადოვი ადასტურებს, რომ გამომძიებლები მისგან რეგიონში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ. როგორც შეიხი ამბობს, კითხვები დაისვა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებითაც
ძირითადი კითხვები იყო რეგიონთან დაკავშირებით, თუმცაღა გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება. კითხვები იყო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ნარიმანოვის ძეგლთან განვითარებულ მოვლენებზე, - განაცხადა ასადოვმა.
მისივე თქმით, მარნეულში კარანტინის პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას მუსლიმთა სამმართველო მატერიალურად ეხმარებოდა, ასევე აწვდიდა ინფორმაციას აზერბაიჯანულ ენაზე.
მოვუწოდებდით, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, თანასწორობასადა თანასწორუფლებიანობას ვითხოვდით. ჩვენ მედიასაშუალებებით ვგმობდით სიძულვილის ენას. იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თავს წარმოაჩენენ ხოლმე, როგორც ქართული ეთნოსის ინტერესების დამცველები. ჩემი მოწოდებები მიმართული იყო იმ ადამიანებისკენ, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ და შუღლის ჩამოგდება სურს საქართველოს მოსახლეობას შორის, - განაცხადა ასადოვმა სუს-იდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაიწყო. უსაფრთხოების სამსახური ამბობს , რომ ქვეყანაში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.