ქარტია: დაუშვებელია სასამართლომ მედიას, ან მის ნაწილს შეუზღუდოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს გაშუქება

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს.

ქარტია ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ,  შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.   

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც  ადგენს, რომ ,,სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა” - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში, თანაბრობის პრინციპით იხელმძღვანელოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი