სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს.
"გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.
გარდა ხსენებული ეპიზოდისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.
ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად." აცხადებენ სუს-ში
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.