
"მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე გამოკითხა.
მან სასამართლოს ინფორმაცია მასსა და მის ოპერატორზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდის შესახებ მიაწოდა. სასამართლო სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა."მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებულები კი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
იურისტები, ადვოკატები, რომლებიც იცავენ რადიკალებს, სამართლებრივი მდგენელით არ ხელმძღვანელობდნენ. შემოდიოდნენ პირდაპირ პოლემიკაში და ცდილობდნენ, გამეწყვიტა საუბარი მაშინ, როდესაც მათთვის დისკომფორტისშემქმნელ ფაქტობრივ გარემოებებზე ვსაუბრობდი, ბუნებრივია, როდესაც გაგრძელდება გამოკითხვა და დაცვის მხარეს ექნება შეკითხვები, მზად ვარ ყველაფერს ვუპასუხო, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში და ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ერთადერთი სიმართლე და ის მედიის წარმომადგენლების მხარესაა, - ამბობს დეა მამისეიშვილი.
ადვოკატის თქმით კი დეა მამისეიშვილმა დაადასტურა ის პირები, რომლებიც მასსა და მის ოპერატორზე ძალადობდნენ.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.