კლუბ ხიდის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, კლუბის დაჯარიმებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ის ამბობს, კლუბმა მუშაობა იმ რეგულაციების დაცვით განაახლა, რაც მთავრობამ დააწესა.
შსს-სა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები კლუბის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მათ კლუბის დალუქვა სურდათ, თუმცა იქ მყოფი ადამიანები ამის შესაძლებლობა არ აძლევდნენ.
კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პოლიციამ მათ რამდენჯერმე უთხრა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ტერიტორიას ძალის გამოყენებით დაატოვებინებდნენ.
"გვითხრეს, რომ დავტოვოთ ტერიტორია და ძალის გამოყენებასაც აპირებენ, მოგვცეს გონივრული ვადა, რაღაც წუთები, რომ წავიღოთ ჩვენი აპარატურა, ან რაც გვინდა, არ გვეუბნებიან, რამდენი ხნით აპირებენ დახურვას.
გასაჩივრება იქნება იმისი, რომ 1-ლი დეკემბრიდან შემოვიდა მწვანე პასპორტების სისტემა, გავიხსენით წესებით, დავიცავით ყველა რეგულაცია და უნდა იმუშაოს კლუბებმა",-ამბობს კლუბის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს ინსპექციამ ზედამხედველობის პროცესში “ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.