მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს, თუმცა მისივე თქმით, მთავარი ტესტი ჯერ კიდევ წინ აქვს, რადგან მესამე პრეზიდენტის არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს.
"სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და უკანონო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ირღვეოდა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ჩვენ ვხედავთ, რომ გარდა სახალხო დამცველის ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს და ისინი ამ პროცესში, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობენ კანონის მოთხოვნით და არა ბიძინა ივანიშვილის სურვილით. მთავარი ტესტი პრინციპში წინ არის, კერძოდ, მათთან მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.
ამავე თემაზე: