
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 დეკემბერს "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესიც გაიმართება. ამ საქმის მიხედვით ბრალდების მხარე გვარამიას დანაშაულად უთვლის ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის დირექტორობის პერიოდში თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს.
დღევანდელ სხდომაზე არხის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას ნიკა გვარამია და მისი ინტერესების დამცველები გამოკითხავენ. სალია წინა სხდომაზე უკვე გამოკითხა ბრალდების მხარემ.
სწორედ პაატა სალია იყო ის ადამიანი, ვისი მიმართვის შემდეგაც პროკურატურამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე აღძრა.
საქმის განხილვა დასკვნით ფაზაშია და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებაც მალე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.