საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი იწყება. ადგილზე ადვოკატები და პროკურორი უკვე მივიდნენ. დღეს დაცვის მხარე პროკურატურის ბოლო მოწმეს, საქმის მიხედვით დაზარალებულ პაატა სალიას გამოკითხავს.
"არათუ დაზარალებული არ არის ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით ეს კომპანია, არამედ პირიქით, ყველაზე წარმატებული, როგორც სატელევიზიო რეიტინგების თვალსაზრისით, ისე სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით და ტელევიზიის წარმატება წარუმატებლობა, სწორედ ამ ორი პარამეტრით იზომება. ორივე პარამეტრით იყო ყველაზე წარმატებული "რუსთავი 2", სწორედ იმ პერიოდში, როცა ნიკა გვარამია იყო გენერალური დირექტორი ამ კომპანიის, იმ პერიოდში როცა ბრალდება აქვს წარდგენილია ამ სისხლის სამართლის საქმეზე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ თუნდაც პაატა სალიას ჩვენებით რამენაირად დადასტურდება პროკურატურის ბრალდება, იმდენად აბსრუდული საქმეა აღძრული.
საძაგლიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ რამდენიმე მოწმე მოხსნა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საქმის შემჭიდროვებულ ვადებში დასრულებაა. პაატა სალია - "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი დირექტორი ბრალდების მხრიდან ბოლო მოწმეა.
შემდეგ პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაცვის მხარემ უნდა დაიწყოს.
საქმის განხილვის ორწლიანი ვადა 20 დეკემბერს იწურება, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ამ თარიღისთვის განაჩენი ვერ დადგეს.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.