ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ და სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებენ.
"სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ. თურმე ჩვენ სიხარულით ჩავაბარეთ ჩვენ მიერ ნაშრომი ტელევიზიის 60% ვიღაც გაურკვეველ ადამიანს, რომელიც თვითონ წლების განმავლობაში იძახის, რომ ჩვენს მიმართ პასუხისმგებელია, იმიტომ რომ ჩვენ დაჩაგრულები ვართ. მივალთ ბოლომდე, ეს საქმე ასე არ დამთავრდება“, - თქვა ჯარჯი აქიმიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს დავით დვალიც. ის ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლის მიერ დღეს მოყვანილი არგუმენტებით "გაოგნებული დარჩნენ".
"გაოგნებული ვარ, მართლა ყველანაირ გადაწყვეტილებას ველოდი. გასაგებია, ჩვენ ქვეყანაში როგორი სასამართლო ააშენა ამ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ მოლოდინი გვქონდა, რომ მაინდამაინც არ იქნებოდა საჩვენოდ, თუმცა ის არგუმენტაცია, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა. ჩვენ წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულება, ჩვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტაცია ზუსტად მანდ იყო, რომ ქიბარ ხალვაში არის არაკეთილსინდისიერი შემძენი და სასამართლომ, მოსამართლის სახით და საერთოდ ამ სისტემამ, ჩვენ გვითხრა, რომ არ აინტერესებს ჩვენი არგუმენტები", - თქვა დავით დვალმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი დირექტორი, პაატა სალია:
"ამის მოლოდინი სიმართლე გითხრათ, მქონდა. ჩვენი მთელი პოზიცია აგებული იყო იმაზე, რომ სარჩელი პირველ რიგში ხანდაზმულია და ასევე არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ნამდვილად არ იყო ბატონი ქიბარ ხალვაში", - თქვა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ის" წილები დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს არ დაუბრუნდათ. წილები მოქმედი მფლობელის საკუთრებაში რჩება. მოიხსნა კომპანიის 60%-იან წილზე დადებული ყადაღაც. ეს წილი დამფუძნებლების მიმართვის საფუძველზე იყო დაყადაღებული.