მოსამართლემაც თქვა, რომ სწორი არის ის განმარტება, რომელსაც მე ვიძლევი - ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის საქმეზე დასრულდა. როგორც "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა წარდგენილი ბრალის აბსურდულობა:

"ჩვენ 20 მოწმით ნაკლები გვყავს. რუსთავი 2- ის მაშინდელი თანამშრომლები, რომლებიც მოწმეებად იყვნენ, აღარც ერთი აღარ დაიკითხება. მე არ ვიცი ეს რა პროცესუალური ფორმაა, მაგრამ მთავარი ჩემთვის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს გაუჭირდა ამ ტექსტის წარმოთქმა, მოსამართლემაც თქვა, რომ სწორი არის ის განმარტება, რომელსაც მე ვიძლევი.

ანუ, ის რაც უწერია მაგალითად თეა ადეიშვილს, რომ მე არასდროს არ მიმითვისებია ქონება, ეს ბრალდებამ რაკიღა ცნო არა მხოლოდ შეფასებითი ნაწილი, არამედ ფაქტის ნაწილიც, ბრალდების ესეთი პოზიცია ნიშნავს, რომ ისინი დიახ, აღიარებენ არა იმას, რომ პირობითად თეა ადეიშვილი ასე ფიქრობს, არამედ იმას, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.​

ეს პირველი შემთხვევა იყო არა მარტო 20 მოწმის ასე ვთქვათ უცებ გაქრობის პროცესიდან, არამედ ბრალდების მხრიდან, ჩემი სასარგებლო ჩვენების" - ამბობს ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი,  პაატა სალია 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც გაირკვა სალიამ და მისმა გუნდმა სულ რაღაც 1 კვირაში შეამოწმეს 2012-2019 წლების ფინანსური დოკუმენტაცია, დაადგინეს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და იმის მიუხედავად, რომ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღდეგ გამოძიება უკვე დაწყებული იყო, მაინც მიმართეს საგამოძიებო უწყებას სპეციალური განცხადებით ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, სავარაუდოდ "პრევენციის" მიზნით.

რაც შეეხება ბატონ სალიას. არ მინდა მასაზე არაფერი ცუდი და დამამცირებელი ვთქვა. ეს არის ადამიანი, რომელიც იარაღი იყო სხვის ხელში. ძალიან ცდილობდა, რომ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან ღირსეულად. მე არ მინდა შევეხო მის ღირსებას, უბრალოდ ამ სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის, რაც მან თავის დროზე დაწერა. გასაგებია, რომ ახლა ის ამას არ გააკეთებდა, მაგრამ როგორც კლასიკოსი ამბობდა, ნაწერები არ იწვიან - ამბობს ნიკა გვარამია

აღსანიშნავია, რომ სალია პროკურატურის ბოლო მოწმეა. შემდგ პროცესზე უკვე დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა უნდა დაიწყოს.

პროკურატურა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს მოწმეების რაოდენობა იმისთვის, რომ მალე დასრულდეს სასამართლო განხილვა და განაჩენი დადგეს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი