
MyWay Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ - კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ აქტის შეჩერების მოთხოვნით მიმართა, რომლის საფუძველზეც, უკვე 2 დღეა, ფრენის უფლება შეუჩერდა.
ლიცენზიის შეჩერების მიზეზი წილობრივი შეუსაბამობა გახდა. კერძოდ, კანონმდებლობით ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 49%-ზე მეტი წილის ფლობის უფლება არ აქვს, ამ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის მოქალაქე კომპანიის 51%-იან წილს ფლობდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყო, თუმცა სააგენტოს არ ჰქონია იმის სურვილი, რომ გადაეხედა ამ საქმისთვის და MyWay Airlines-ისთვის ლიცენზია გაეგრძელებინა.
"გუშინ კომპანია "მაივეი ეარლაინსს" ჩაბარდა სამოქალაქო ავიაციის დირექტორის ბრძანება, რომელიც ეხება ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებას. კომპანია დღესვე ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან თითოეულმა დაყოვნებულმა დღემ, შეიძლება, კომპანიისთვის გამოიწვიოს ფინანსური ზარალი", - თქვა კომპანიის იურისტმა, თამარ მამფორიამ.
სააგენტოს გადაწყვეტილება გაუგებარია ავიაკომპანიის მფლობელისთვისაც. ის იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ყველაფერი გამოსწორდება და ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემო იქნება.
"ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არ არის ლოგიკური. ახალი რეგულაციებითაც კი ყველა მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება. უკვე შევიტანეთ ყველა საბუთი სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ ამ კვირის ბოლოს პასუხს მივიღებთ. ამჟამად შეწყვეტილი გვაქვს ფრენები და ყოველდღიურად დაახლოებით 100 ათას დოლარს ვკარგავთ შემოსავლის სახით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემო იქნება", - ამბობს ჟელიანგ ლიუ.
ავტორი: ნინო გიგაური