13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, წყნეთი-ბეთანიის გზა ისევ საფრთხის შემცველია

გამოქვეყნდა:

წყნეთი-ბეთანიის გზის რამდენიმე კერა, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს მეწყერმა ჩაიტანა, ახლაც საფრთხის შემცველია. მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ გზა სამი წლის შემდეგ აღადგინეს, ფერდობები დაატერასეს და სანიაღვრე არხები დაამატეს.

რამდენიმე დღის წინ გეოლოგმა ლაშა სუხიშვილმა ამ გზაზე საფრთხის შემცველი კერები აღმოაჩინა. მისი თქმით, ფერდობის ქვედა ნაწილში სანიაღვრე არხები წყალს ვეღარ ატარებს.

ამ გზის გარდა, 5 წლის წინ, 13 ივნისს, მეწყერმა ახალდაბის გზაც ჩაიტანა, გეოლოგის თქმით, თუ ფერდი არ გამაგრდა, ნაშალმა შესაძლოა სოფლამდე ჩააღწიოს.

გზა დონორის ფულით, 26 მილიონი ლარით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ გააკეთა. კომპანიის დირექტორი პაატა ტრაპაიძე აღიარებს, რომ ფერდობის რღვევის პროცესი ნამდვილად დაწყებულია და მისი დამაგრება და გამწვანება იყო საჭირო, თუმცა ძველ პროექტში ეს ჩადებული არ იყო და  თბილისის მერიას ახალი არ შეუთავაზებია.

მომხდარიდან ხუთი წლის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ იმ ღამით დამდგარი ზიანის შემცირებაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო უწყებებს მოსალოდნელი საფრთხე დროულად რომ შეემჩნიათ და ადეკვატური ნაბიჯები გადაედგათ. ეს რომ სამართლებრივად დაედასტურებინათ, 13 ივნისის ღამეს ვერეს ხეობაში გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ძმამ და მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს.

მოსამართლემ დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებს რამდენიმე საათით ადრეც შეეძლოთ საფრთხის განსაზღვრა, რადგან შეტყობინებები 112-ში წყნეთი-ბეთანიის ფერდის ჩამოშლის შემდეგ გზის დატბორვამდე ბევრი შევიდა, მაგრამ ამ მოვლენის დროული და ადექვატური ანალიზი არავინ გააკეთა.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებს რამდენიმე დღით ადრეც კი შეეძლოთ მოსალოდნელი რისკების შეფასება. სვანიძის ქუჩაზე ძაღლების თავშესაფარი ათი დღით ადრეც დაიტბორა. მოსამართლის აზრით, გეოლოგებს პირველი დატბორვის გამომწვევი მიზეზი სათანადოდ რომ შეესწავლათ, მიხვდებოდნენ, რომ თბილისის თავზე წყნეთის ფერდობი გამოფიტული, წყლით გაჟღენთილი, ციცაბო და დიდი საფრთხის შემცველი იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ტერიტორიის ისტორიულად მეწყერსაშიშობა. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 4 ივნისს მომხდარ წყალმოვარდნაზე, რომელიც მართალია, არ წარმოადგენდა თავისი სიძლიერით სტიქიას, თუმცა მომხდარი ფაქტი და დამდგარი შედეგი მომავალი კონკრეტული საშიშროების თავიდან აცილების მიზნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებდა სათანადო მონიტორინგს.

პალატის მოსაზრებით, ჯერ კიდევ წყნეთი-ბეთანია-კიკეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ფერდების წყლით გაჟღენთვა, შესაბამისი ქანების წყლით დამძიმება, ქანების დახრილობა სპეციალისტებში გააჩენდა ვარაუდს, რომ ეს ქანები ვერ გაუძლებდა ასეთი ტიპის სიმძიმეს, მოხდებოდა ჩამოშლა და მეწყერსაშიშ ზონად აქცევდა კონკრეტულ ტერიტორიას.

საბოლოო ჯამში, მოსამართლემ გაბიტაშვილებისთვის  მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანაბრად დაავალა. გარდა ქონებრივი ზიანისა, გაბიტაშვილების ოჯახმა სიმბოლურად ამ უწყებებისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კიდევ 13 ლარი მოითხოვა.

სახელმწიფო უწყებებმა მოსამართლის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ლაშა გაბიტაშვილი კი ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა. უწყებების გარდა, ის პირებიც უნდა გამოვლინდნენ, ვინც სათანადო და დროული გადაწყვეტილებები არ მიიღეს. ამისთვის ოჯახმა პროკურატურასაც მიმართა. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ოჯახი დაზარალებულად არ არის ცნობილი და არც გამოძება დამთავრებულა.

ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ერთი მიზნისთვის აკეთებს - სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ და მომავალში იგივე აღარ განმეორდეს.

ხუთი წლის წინ, 13 ივნისს წყნეთის ფერდობს ხე-ბუჩქნარის საფარი მოსწყდა. ღვარცოფის უზარმაზარმა მასამ მდინარე ვერე დააგუბა და შემდეგ გადმოხეთქილმა წყალმა თბილისის უბნები, ახალ გზა და ზოოპარკი დატბორა. ამ ყველაფერს 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

 

ავტორი: ლაშა კვესელაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი