პარლამენტმა არ გაითვალისწინა პარტნიორების რეკომენდაციები და უზენაესის 10 მოსამართლე უვადოდ აირჩია - ომბუდსმენის ანგარიში 

გამოქვეყნდა:

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშში მოხვდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები და უზენაესში 10 მოსამართლე დანიშნა, ხოლო ამ დრომდე გაუგებარი მიზეზებით, ვაკანტურია იუსტიციის საბჭოს 5 წევრის თანამდებობა:

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი იყო დასავლელი პარტნიორების მედიაციით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული რეკომენდაციები და 6 ივლისსა და პირველ დეკემბერს 10 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ აირჩია, რითაც დასრულდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.

ეუთო/ოდირის მიერ აღინიშნა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო და განჭვრეტადი სტანდარტები, რაც ყველა კანდიდატისთვის თანასწორი შესაძლებლობის საწინდარი უნდა ყოფილიყო. მათ ანგარიშში საუბარია ასევე ინტერესთა კონფლიქტზე და პროცედურებში არსებულ სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც არ იძლეოდნენ დამსახურებაზე დაფუძნებული კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვაკანტურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის პოზიცია და გაუგებარია რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით აყოვნებს პარლამენტი საბჭოს 5 წევრით შევსებას." ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი