20 ივნისს დაშავებულ ვახტანგ ბერიკაშვილს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 2 წლისა და 5 თვის შემდეგ მიანიჭა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეს სტატუსი 2 წლისა და 5 თვის შემდეგ მიანიჭა -ინფორმაციას ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს. 

გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ვახტანგ ბერიკაშვილი, რომელიც 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის  წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  ბერიკაშვილს სპეცრაზმელის ნასროლი ტყვია მოხვდა:

"შსს-ს მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან - მხრის მიდამოდან  ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს.  

პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია - გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა",- ნათქვამია განცხადებაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, პროკურატურამ ბერიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა  2021 წლის 9 დეკემბერს -  მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დაიწყო. 

ფოტო: რადიო "თავისუფლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი