
თბილისის საქალაქო სასამართლომ, "მაივეი ეარლაინსის" შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლითაც ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების შეჩერებას ითხოვდა. შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა", - ამბობენ ავიაკომპანიაში.
"მაივეი ეარლაინსმა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 9 დეკემბერს შეიტანა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა "მაივეი ეარლაინსის" ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.
"მაივეი ეარლაინსი" ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ახორციელებს მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა-გადაყვანის ოპერაციებს. კომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. ავიაკომპანიის ავიაპარკი ბოინგ 737-800 ტიპის ორი სამგზავრო და ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავით არის წარმოდგენილი.