
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ოჯახი ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია. ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ყოფილი ძალოვანის მდგომარეობა მათთვის ამ დრომდე უცნობია.
ხელისუფლება დუმს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კი "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდებენ, დროულად თქვან, როგორ აპირებენ საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან დახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ოჯახის ადვოკატის თქმით, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების ერთადერთი არსებული მექანიზმი საქმის სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნაა.
"მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ის არის სასტიკად ნაცემი, ნაწამები. რამდენიმე დღეა იმყოფება პატიმრობაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციები, თუნდაც წითელი ჯვარი ჩართულები არიან ამ პროცესში, შედეგი არის ძალიან მინიმალური. ერთადერთი, საქართველოს აქვს საერთაშორისო მექანიზმები. სტრასბურგი ყველაზე უფრო ეფექტიანია ამ შემთხვევაში და ინდივიადუალურ მოქალაქეზე მორგებული", - თქვა ადვოკატმა, ნიკა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.
ამავე თემაზე: