მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა - ნიკა გვარამია მის აცილებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია მოსამართლის აცილებას ითხოვს. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მან რამდენიმე წუთის წინ დააყენა.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს,  რუსთავი 2-ის დირექტორია, მოსამართლის ბავშვობის მეგობარია და დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოსამართლემ ამოიღო.

ზაზა გველესიანთან მეგობრობა მოსამართლე ლაჩა ჩხიკვაძემ დაადასტურა - „ბავშვობის მეგობარია, კომუნიკაცია გვაქვს მეგობრობის შინაარსში რაც არის, ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს“ - თქვა მან

შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, მას ნიკა გვარამიამ დაუსვა და მიმართა, რატომ არ განმარტა, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი იყო მისი პერსონალური მეგობარი:

"რატომ არ განმარტეთ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი პერსონალური მეგობარი, რომელთანაც გაქვთ პერსონალური ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა და ამავდროულად, რომც არ ყოფილიყო ეს პირი მოწმეთა ნუსხაში, იგი წარმოადგენს კომპანია, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი"- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

ნიკა გვარამიამ მტკიცებულებად მოსამართლისა და მოწმის ერთობლივი ფოტოსურათები წარადგინა.

ის განმარტავს, რომ მოსამართლე ამ გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება მიუკერძოებლად, შესაბამისად ვერც მისი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

მოსამართლის თქმით, როდესაც დადგებოდა ეს საკითხი და ზაზა გველესიანი გამოცხადდებოდა დასაკითხად, შესაძლოა განემარტა. კითხვაზე, რატომ არ დადგა ეს საკითხი და რატომ ამოიღეს დასაკითხ პირთა სიიდან გველესიანი, მოსამართლე განმარტავს:

"ბრალდების მხარემ სხვა მოწმეებთან ერთად, ის პროცედურა რაშიც იღებდა ბატონი ზაზა მონაწილეობას, როგორც დაცვის მტკიცებულების ფორმატში, ცნო უდაოდ" - თქვა მოსამართლემ. 

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი