"დაკავებული არაა ადამიანი, რომელმაც შემაფურთხა, მაისური შემომახია და წიხლი დამარტყა " - სასამართლოში დეა მამისეიშვილის გამოკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც რუსთაველის გამზირზე მას და მის ოპერატორს რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. დაკავებულების ადვოკატების კითხვები არა მხოლოდ საქმეს, არამედ სხვა საკითხებსაც მოიცავდა. მაგალითად, გარდა უშუალოდ ინციდენტისა, ადვოკატების კითხვა დეა მამისეიშვილის სექსუალურ ორიენტაციასაც ეხებოდა.

გარდა ამისა, ადვოკატები იმითაც დაინტერესდნენ, თუ როგორ გააგრძელა დავით ახალაძემ გადაღება და მუშაობა მას შემდეგ, რაც თავში დროშა მოხვდა.

"როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ოპერატორი იღებს, ის საკუთარ თავს როგორ გადაუღებს?! როგორ შეიძლება დათუნა ახალაძეს, რომელიც სხვებს უღებდა, საკუთარი თავი კადრებში მოეხვედრებინა, როგორ უტყამენ მას ჯოხს?!", - მიმართა დეა მამისეიშვილმა ბრალდებულების ადვოკატებს.

მათ ჟურნალისტს კადრებში დაფიქსირებულ სხვა პირებზეც დაუსვეს კითხვა, რომლებიც დაკავებულები არ არიან.

"იცით ვინ არ არის დაკავებული? ადამიანი, რომელმაც სახეში შემაფურთხა, მაისური შემომახია და წიხლი დამარტყა, ისიც ყველა კადრში ჩანს. მინდა, რომ დაკავებული იყოს და უნდა იყოს. მე მეკითხებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რატომ არ დააკავა?!", - თქვა დეა მამისეიშვილმა.

სასამართლო პროცესი ადვოკატების შუამდგომლობების მოსმენით გრძელდება. ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი