გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს რამდენიმე საათში გამოიტანენ. ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ედავება.
ნაფიცი მსაჯულები უკვე 6 საათზე მეტია, დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. მსჯელობის 4 საათიანი ვადა 9 საათზე ამოეწურათ, თუმცა დამატებით 8 საათი მოითხოვეს.
მათ მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს პროკურატურა არ ესწრებოდა. ეს მერაბ კობიაშვილის ოჯახს ეჭვს უჩენს, რომ პროკურორებმა წინასწარ იცოდნენ ნაფიცი მსაჯულების ამ გადაწყვეტილების შესახებ. კობიაშვილის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა ნაფიც მსაჯულებს უსმენდეს.
"9 საათზე უნდა ყოფილიყო განაჩენი ცნობილი ან გამამართლებელი, ან გამამტყუნებელი. დაგვირეკა ნაფიცი მსაჯულების კოორდინატორმა და გვითხრა, რომ მხარეები გამოვცხადებულიყავით დარბაზში. გამოვცხადდით დაცვის მხარე, იყო ოპერატორი და ჟურნალისტიც ასევე, შემოვიდა ნაფიცების კოორდინატორი და იკითხა, სად არის ბრალდების მხარეო, პროკურატურა არ გამოცხადდა. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაძლებელია, იმ ოთახში, სადაც ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ, შეიძლება იყოს რაღაც მოსასმენი. პროკურატურამ ნამდვილად იცოდა, რომ ნაფიცი მსაჯულები დროის გახანგრძლივებას და დამატებით 8-საათიან დროს მოითხოვდნენ", - თქვა მერაბ კობიაშვილის მეუღლემ, ნატა ქიტესაშვილმა.
დაცვის მხარე ითხოვს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლონ, ვინაიდან მათი თქმით, ის დანაშაულის ჩადენის მომენტში აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა.
"ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ჩვენ მსაჯულებს ვეუბნებით რომ დაუჯერონ ვიდეოკამერის ჩანაწერებს, სადაც მერაბ კობიაშვილი აცხორციელებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხების მიმართულებით და შემდეგ იარაღს წევს დაბლა. მსაჯულებს ვთავაზობთ, იხელმძღვანელონ მოწმეთა ჩვენებებიდან", - თქვა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურატურა მერაბ კობიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.