საერთაშორისო ფრენები საქართველოს მიმართულებით 1 ივლისიდან განახლდება. საქართველოს საჰაერო სივრცე იმ ქვეყნებისთვის გაიხსნება, სადაც ეპიდ ვითარება შედარებით სტაბილურია. აეროპორტები ახალი რეგულაციების მიხედვით იმუშავებენ. ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა მკაცრად გაკონტროლდება.
ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი ტურისტული მიმოსვლის განახლებას მხოლოდ მის წევრ ქვეყნებს შორის განიხილავს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის ტურისტებსაც საქართველო მიიღებს, ისრაელი იქნება. მიმოსვლის განახლების სურვილი აქვთ ჩეხეთს დ აბალტიის პირების ქვეყნებსაც.
მიმდინარეობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. პიველ რიგში, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედული, ეტაპობრივად გაიხსნება სხვა და სხვა ქვეყნებთან და მთავარი კრიტერიუმი, თუ როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ეს არის მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდ მდგომარეობა, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი.
სტუმრების მიღების უფლებას ყველა ის სასტუმრო მიიღებს, რომელიც შესაბამის შემოწმებას გაივლის. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მედიკოსები პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისათის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად ვიყოთ მზად. ის, რომ მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეებში ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც კორონა სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ჩენს გვერდით არის ისევ. ვხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მნიშვნელობაზე სუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რისკების დროულად შეფასება და მკაცრი კონტროლი, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარო ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერცერთი ქვეყანა ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს, ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემიაა. ერთადერთი ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია კონტროლია. საზღვრების კონტროლი, შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა. იგივეა ზუსტად ეკონომიკაც. ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის, ეკონომიკას შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ შეუძლებელია ახლა საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს გაუმკლავდება მარტო, - განაცხადა გახარიამ.