
"დაიცავი მოქალაქე!" - ამ ლოზუნგით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორი "გირჩი - მეტი თავისუფლებაა". პარტიაში ამბობენ, რომ ახლა მთავარია, ხელისუფლებამ ეკონომისტის, რამაზ გერლიანის საეჭვო გაუჩინარების საქმე დროულად გამოიძიოს და მოძალადე პოლიციელი დასაჯოს.
"რამაზ გერლიანი რამოდენიმე დღის განმავლობაში წერდა, რომ მას პოლიცია ავიწროებდა, აშანტაჟებდა, უკანონოდ უთვალთვალებდა. პასუხი არ არის პოლიციის მხრიდან. მე ვითხოვ გამოძიებას, ვითხოვ, რომ ადამიანები ვწუხდებოდეთ მსგავს საკითხებზე. სუს-ი არის ჩვენთვის სახეხატი ამ არსებული სისტემის, შესაბამისად, ამ სახეხატის წინ დავდგებით, გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ, რომ მსგავსი ქეისები არ არსებობდეს და ამის გარდა, კონკრეტულად ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული", - თქვა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის, 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს. ის მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. გერლიანმა თქვა, რომ თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამის მიზეზად პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ზეწოლა დაასახელა.