
5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. სამივე ბრალდებულს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები ასევე "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია. სცემეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს. სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სასტიკად "TV პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.