"ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ, მის შვილს წაართვეს კუთვნილი ავტომანქანა" - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1982 წელს დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

გარდა ამისა, თბილისში "ქურდული სამყაროს" წევრობისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, დააკავეს რუსეთის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი და "ქურდული სამყაროს" აქტიური წევრი - 1988 წელს დაბადებული ი.დ.

უწყების ცნობით, ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს - პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ.

"ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა", - წერს შსს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

"იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ,,ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს - დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა", - წერს უწყება.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს. 

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი