"ბოლოს რომ იკამათეს მხოლოდ ის თქვა, რომ ფსიქიკურად უკვე შეცვლილი იყო, აღარავინ უნდოდა" - ანონიმური წერილი მოკლული ორსულის ოჯახიდან

გამოქვეყნდა:

მკვლელობის დეტალებზე წერილში, ქეთი კეპულაძის ოჯახის წევრი გვიყვება - რესპოდენტი  ანონიმურად დარჩენას ითხოვს, მაგრამ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის დაპირისპირების მიზეზს ხსნის.  

22 დეკემბერს, შუადღეს, გოგა გზირიშვილი სახლში დაბრუნდა და დაინახა, რომ 5 თვის ორსული მეუღლე ბარგს ალაგებდა და სახლიდან წასვლას აპირებდა. ამ დროს ოთახში ცოლ-ქმრის გარდა ოთახში მათი  1 წლისა და 2 თვის შვილი და გოგა გზირიშვილის 13 წლის და იმყოფებოდა. 

გოგა გზირიშვილმა 5 თვის ორსულ მეუღლეს სამზარეულოს დანა 30-ჯერ ჩაარტყა, 22 წლის ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა ყელის, სახისა და მუცლის არეში.

მკვლელობის შემდეგ ყველა უარყოფდა, რომ ჩხუბის ხმა გაიგო. ოთახში უამრავი სისხლია, მაგრამ არ ჩანს კვალი, რომ გოგონა გადარჩენისთვის იბრძოდა, ან ვინმეს საშველად უხმობდა. ამიტომ, მეზობლები ვარაუდობენ, რომ გოგონას ქმარმა პირველი ჭრილობა ყელში მიაყენა, ხმაც ამიტომ არ გაუგიათ.

გზირიშვილმა პოლიციას თავად დაურეკა. აცნობა რომ ცოლი მოკლა და მათ მოსვლას დაელოდა.

ჩვილი ბავშვი ქეთა კეპულაძის დეიდამ წაიყვანა. მოკლული წყალტუბოს სოფელ ობშკვითშია დასვენებული. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ არ იცოდნენ და ვერ ხსნიან, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. მოკლული გოგონას ბებია ვერ იხსენებს ვერც კონფლიქტს და ვერც დაშორების მცდელობას. 

ნათესავები კი ყვებიან, რომ მუდმივი კონფლიქტებისგან დაღლილმა ქეთამ საკუთარ სოფელს თავი 1 კვირით შეაფარა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მეუღლის თხოვნით, შერიგებას კიდევ ერთხელ დათანხმდა და ვარკეთილის სახლში დაბრუნდა, მაგრამ შერიგების შემდეგადაც მეუღლის აგრესია არ იკლებდა. ნათესავებს, ვისთანაც გოგონა თავს აფარებდა, პოლიციის გაფრთხილება აზრადაც არ მოსვლიათ, ისე გაუშვეს ქალი მოძალადე ქმართან. 

24 დეკემბერს ბრალდებულს  აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა. მას ორსულის მოკვლას, ოჯახურ ძალადობას და განზრახ  მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან. გზირიშვილს უვადო პატიმრება ემუქრება. სასამართლო პროცესამდე თავი მხოლოდ იმით იმართლა, რომ გოგონამ შეურაცხყოფა მიაყენა, პროცესზე კი მხოლოდ ძირითად კითხვებს უპასუხა და დანაშაულის მოტივზე ისევ დუმდა. 

მკვლელობის შემდეგ დაპატიმრებულის მამა გოჩა გზირიშვილი მეზობლებს შვილის ფსიქიკურ პრობლემებზე უყვებოდა. მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ მოკლული ქეთი კეპულაძის მეუღლე ფსიქიკურად შეშალა. 22 წლის ბიჭი უკვე ორჯერ იყო ნასამართლევი, ის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, საქმე მაშინაც ძალადობას ეხებოდა.  ადვოკატის ინფორმაციით, გოგა გზირიშვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  აღრიცხვაზე იმყოფებოდა. დასამშვიდებლად კი ყოველდღიური მძიმე ფსიქოტროპული წამლები ესაჭიროებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი