უბისაში, წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში, ადგილობრივები მღვდელმსახურებს წირვის ჩატარების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. ისინი ამბობენ, რომ მონასტერში ორი ახალი სასულიერო პირი მსახურობს, რომლებსაც "საეჭვო რეპუტაცია აქვთ" და ამასთან დაკავშირებით, მეუფე მელქისედეკთან შეხვედრას მოითხოვენ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ამბობს, რომ მონასტერში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც მრევლს აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ მოსახლეობას რამდენიმე კვირის წინ უკვე შეხვდა და საქმის ვითარებაც გააცნო. სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ ეს პროცესები პოლიტიკურად მართული იყოს, მაგრამ დაზუსტებით ვერ ამბობს, უკავშირდება თუ არა მისი დისკრედიტაციის მცდელობა მის პოლიტიკურ აქტივობას.
"დავიბარე ვისაც რამე სასაუბრო ჰქონდა. ზესტაფონში ჩავედი, ყველა გაფრთხილებული იყო. ის, რომ მეუფე არ ხვდებათ, ეს არის სიცრუე. გასულ კვირას მე ვიყავი ადგილზე, ზესტაფონში დავიბარე, რომ მესაუბრა მათთან. ეს ხალხი ვინც იყო, არცერთი არ მოსულა იქ. მე არ მინდა რამე პოლიტიკური ვთქვა, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერი არ არის", - ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ "საეჭვო რეპუტაციის" ბერების რეპუტაციის დასადგენად, საპატრიარქო ზნეობრივ კომისიას არ შექმნის.
ცნობისთვის, მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი. მან მიხეილ სააკაშვილი პირადადაც მოინახულა და ასევე, თქვა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება მოხდეს.
ამავე თემაზე: