დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ზაზა მურჯიკნელისთვის ბრალდების მხარე სავარაუდოდ წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მურჯიკნელის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. პროკურატურა კი განმარტავს, რომ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულის დანაშაულს ამტკიცებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ჩატარდა ამოცნობის პროცედურა, სადაც მურჯიკნელი დოდო გუგეშაშვილმაც ამოიცნო. ბრალდებულის დაცვის ინფორმაციით კი,ამოცნობის პროცედურაზე დაკავებულმა უარი თქვა. გარდა ამისა, დოდო გუგეაშაშვილის ადვოკატის განცხადებით, მკვლელი გუგეშაშვილს ზურას სახელით გაეცნო.
"სახელი და გვარი ქალბატონ დოდოს არაფერს ეუბნება. როგორც ის ყოველთვის აცხადებდა, მკვლელი მას გაეცნო როგოც ზურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის ზაზა მურჯიკნელი, თუ ეს ადამიანია. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ მას ჰქონდა მკვლელობის განზრახვა, სხვა სახელით გაცნობოდა...თითქმის ერთწლიანი ნაცნობობის განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ შემთხვევით, რამდენიმე წუთით, ქუდი ჩამოფხატული და ისე შეხვდა რომ როგოც ჩანს, სახე არ დამახსოვრებოდა" აცხადებს გუგეშაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილ და შესაბამისად, შეზღუდულები არიან ბრალდების შინაარსზე საუბრისაგან:
"ზოგადად რო გითხრათ, ამ საქმეში არ არის მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნება დაკავებული პირის ბრალეულობისთვის" აცხადებს მურჯიკნელის ადვოკატი სულხან კომახიძე.
"მოცემულ შემთხვევაშ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახლავთ როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ისე სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული ქმედების ჩადებნა" განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაიძემ.
ზაზა მურჯიკნელს სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი- განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მურჯიკნელი სამართალდამცველებმა 24 იანვარს დააკავეს. ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი ყოფილი ლეიტენანტია, რომელიც 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ამბოხში ფიგურირებდა, თუმცა ის 2012 წელს პოლიტ პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში თავს 2018 წლის 7 თებერვალს დაესხნენ. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე დაიღუპა მისი შვილი.