
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.
მას საქალაქო სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.
"რადიო თავისუფლების" ექსკლუზიური ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე ციხიდან დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში გაათავისუფლეს.
რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას უცნობია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რადიო თავისუფლებისთვის ხელმიუწვდომელია.
ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლება არ გაუპროტესტებია მოკლულის ოჯახს. ამაში კი დიდი წვლილი მამა შალვა კეკლიამ შეიტანა.
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ტრაგედიის შემდეგ, თიკა მახალდიანი მისი მრევლის წევრი გახდა, მასთან ტაძარში ხშირად მიდიოდა დაკავებული პოლიციელის მეუღლეც.
“ტაძარში სიარულით, საუბრით თიკამაც ნელ-ნელა შეცვალა პოზიცია ამ ოჯახის მიმართ. მე ის ოჯახიც გავიცანი, ცოლი გავიცანი, მისი ახლობლები გავიცანი, საშინელი რამ შეემთხვა ამ ბიჭს.
მე პირდაპირ ესე არ ვერეოდი, მაგრამ თიკას ხშირად ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი, რომ ეს არ იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული, რომ ადამიანმა განზრახ რაღაცა საშინელება ჩაიდინა, ყველას შეიძლება მსგავსი რაღაც დაემართოს.
თიკამ ღვთის მადლით გაიგო ეს ყველაფერი და მერე შეძლო ეპატიებინა და მიანდო ღმერთს ეს ყველაფერი. ეს უფრო თიკას დამსახურებაა, შეძლო სულიერად სწორად გაეაზრებინა ყველაფერი, ჩემი დამსახურება არაფერი არ არის“, - უთხრა “რადიო თავისუფლებას” დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღეს, საკუთარ სახლში იმ დროს დაიღუპა, როცა ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან ნასვამი პოლიციელი უმისამართოდ ისროდა. ტყვიამ დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია და სახლში მყოფ თამარ ანთელავას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე შსს-ს, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძე დააკავეს.