
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უმრავლესობის მხრიდან ინიცირებულ ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".
ლომჯარიას თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესი გაუმჭვირვალედ და მოულოდნელად წარიმართა. როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა არ არის დემოკრატიული და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც.
"მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ მედიის მეშვეობით. რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საკომიტეტო მოსმენა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩაინიშნა, თუმცა ამ წუთამდე ჩვენ წვდომა არ გვაქვს კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს პროცესიც წარიმართა გაუმჭვირვალედ, მოულოდნელად და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს.
მოსამართლეებთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა არ არის დემოკრატიული, მართებული და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც",-თქვა ნინო ლომჯარიამ.
ამას გარდა, ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობის დეპუტატები კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც, წყაროს დასახელების გარეშე ჟურნალისტებს მასალის გამოქვეყნება ეკრძალებათ. ნინო ლომჯარიას თქმით, ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.