ქუჩური გარჩევა გორში - ინციდენტში მონაწილე თარაშ კანდელაკი დაკავებულია. მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ის დააკავეს.
კანდელაკი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
საქმე ეხება გორში, გვიან ღამით ახალაგზარდებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. გიორგი კანდელაკის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში „ჟოზეფი“ 18 წლის ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით გამეტებით რამდენიმე სპორტსმენი ურტყამდა, მათ შორის იყო გიორგი კანდელაკის მოკრივე შვილი თარაშ კანდელაკი.
ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით, უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება. ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში ჯერ კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა.