
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ეხმაურება. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ასუნსიონ სანჩეს რუისის თქმით, პროექტთან დაკავშირებული ვადები და ნაჩქარევი განხილვა კიდევ უფრო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით - ჩატარდეს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად.
"ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა და დამოუკიდებლობა არსებითია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის და ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების სათანადო განხორციელების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია", - თქვა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საუბარია დისციპლინურ სახდელებზე, კანონპროექტის თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და კონსტიტუციასა ეწინააღმდეგება.
ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.