
82 მომხრე, 7 წინააღმდეგი - საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით უყარა კენჭი და დაამტკიცა.
საუბარია დისციპლინურ სახდელებზე. კანონპროექტის თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და კონსტიტუციასა ეწინააღმდეგება.
ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.