მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა - უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მოითხოვონ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენს მისი უფლებების დარღვევას პენიტენციურ დაწესებულებებში და დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სწორედ მასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, 

მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას  სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ახერხებს.

ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს დღემდე ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოისმინოს საკუთარი ექიმების ალტერნატიული აზრი. 

"მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებულად გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მისი გამოკითხვა შედგა საკმაოდ დეტალურად. ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს გამოძიების პროცესი. 

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები",- აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, საჭიროა, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში აღარ იყოს და სადეპუტატო მანდატები გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი