დღეს ლარი ერთბაშად გაუფასურდა - მისი ფასი დღის განმავლობაში 3,10 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ოპოზიცია ლარის ფასის ვარდნაზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს და ეროვნულ ბანკს აკისრებს, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისთვის ადეკვატური ანტიკრიზისული გეგმა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სიტუაციიდან ერთერთი ეფექტური გამოსავალი ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციაა, რადგან სავალუტო რეზერვების გახარჯვამ ეროვნული ვალუტის კურსი დაასტაბილუროს.
ლარის მკვეთრი რყევები ქმნის სერიოზულ პრობლემას, როგორც ბიზნესის დაგეგმვისთვის, ასევე პრობლემებს უქმნის ადამიანებს და ბუნებრივია, ეს აისახება შემდეგ საქონლის ფასზე. ეს 5 მილიარდი, რომელიც სესხად აიღო მთავრობამ და რომელიც ბიუჯეტში შემოდის, ეს ფული მიდის მთლიანად ეროვნული ბანკის რეზერვებში უცხოური ვალუტის სახით და ეროვნულ ბანკს ყოველთვის შეუძლია მისი გამოყენება და ინტერვენციების სახით ამ პროცესის დარეგულირება, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
"ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ მთავრობის მფლანგველური ქცევის პირობებში ლარის გამყარების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ერთადერთი, რაც ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე წამოაყენებს და ეროვნულ ვალუტას დაასტაბილურებს, გადასახადების დაწევაა.
მმართველი გუნდი ამ პრობლემას ეპიდემიის მეორე, თეორიულ ტალღას უკავშირებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეპიდემიის მეორე ტალღის ალბათობა ექსპოერტიორებისა და იმპორტიორებისთვის ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის.
გრძელვადიანი პროგნოზირებადი გარემო არის ლარის სტაბილიზაციის ერთერთი ფაქტორი და როდესაც 3-4 თვეში ელოდები, შეიძლება არც ელოდები, მაგრამ იტვირთება სივრცე ამ ინფორმაციით, ცხადია ეს ბევრი ექსპორტიორის, იმპორტიორისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვის ქმედებაზეც არის დამოკიდებული ლარის კურსი, ცვლის ქმედებათა წესს, - ამბობს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.
ამ მომენტისთვის სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 3,10 ლარია.