ჩემი დაწინაურება არ უკავშირდება რურუას საქმეს, - ეს განცხადება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გააკეთა.
კახა მურადაშვილი დღეს გიორგი რურუას საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესზე გამოკითხეს. სწორედ მისმა დეპარტამენტმა გასცა რურუას დაკავების მითითება. ამ დროს მურადაშვილი პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო. რურუას დაკავების შემდეგ კი ის დააწინაურეს.
დაწინაურება არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, რურუას საქმეს. არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ჩემი ხელმძღვანელობით, მკვლელობებზე და ძალიან ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნა ჩემი ხელმძღვანელობით, - ამბობს მურადაშვილი.
კახა მურადაშვილი ამბობს, რომ რურუას ბრალის დასადგენად სავსებით საკმარისი მტკიცებულებები არსებობს .
იარაღიდან, რომელიც რურუას ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, არსებობს ბიოლოგიური მასალა მასზე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შედარდა რურუასგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშს, რაც არის იდენტური. რაც ნიშნავს იმას, რომ იარაღზე არსებული კვალი ეკუთვნის რურუას. რაც შეეხება იმას, რომ თითის ანაბეჭდი არ არის და მეტალიზაცია, ეს შესაძლოა ზოგ ნივთზე დარჩეს, ზოგზე არა, ეს არ არის იმპერატიული ხასიათის, - განაცხადა მურადაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ბოლო მოწმეები იკითხებიან. ამის შემდეგ კი სასამართლო სხდომები დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.