ხორავას ქუჩის საქმეზე უზენაესმა სასმართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურამ დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს საპროცესო გარიგებას გაუფორმა, თუმცა უცნობია რის სანაცვლოდ. საპროცესო შეთანხმების დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ საუბრობენ. არაერთი შეკითხვის მიუხედავად არც ადვოკატი და არც პროკურორი არ პასუხობენ კითხვას, ამხილა თუ არა გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდია.
გიორგი ჯანაშიას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა, საიდანაც 4-ს საპატიმროში მოიხდის, დანარჩენი 4 კი პირობითად ჩაეთვლება და პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს. უზენაესის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს. გუგა ბარბაქაძეს პროკურატურამ საპროცესო არ გაუფორმა და მისი განაჩენი უცვლელი დატოვა.
უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში არ შეცვალა, თუმცა არც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გუგა ბარბაქაძე დავით სარალიძის მკვლელობაში არ სცნო დამნაშავედ.
როგორც დღეს გაირკვა, პროკურატურამ მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება დაზარალებული სარალიძის თანხმობის გარეშე გააფორმა. ზაზა სარალიძისი ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებით პროკურატურა სახის შენარჩუნებას ცდილობს.
პარალელურად, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
პროკურატურამ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლია, სადაც ჩანს როგორ მივიდნენ ხორავას ქუჩის 4 ნომერთან მოზარდები და როგორ დატოვეს მკვლელობის ადგილი რამდენიმე წუთში.
დღევანდელ სხდომაზე მოუსმინეს 2017 წლის 1 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებსაც, სადაც სისხლიანი დაპირისპირების მონაწილეები დეტალურად საუბრობენ მომხდარზე.
ამ ჩანაწერებში საუბარია მამა შიო მენაბდის შვილზეც. მოზარდების მონაყოლით ირკვევა, რომ ჩხუბისას გიორგი მენაბდეც დაიჭრა, თუმცა როგორც ცნობილია, ამ ფაქტზე გამოძიებას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.
ფაქტზე ღიად არც გიორგი მენაბდე საუბრობს. "მთავარმა" მოიპოვა სასულიერი პირის შვილის დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვის ოქმი, სადაც ის მისი დაჭრის ფაქტს არ ახსენებს თუმცა არ მალავს რომ სისხლიანი დაპირისპირებისას მიხეილ კალანდიას ცივი იარაღი ჰქონდა.