ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას ამცირებს - საია

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, შსს-ს მხრიდან არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას.

საია აღნიშნავს, რომ ლექსო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახთან შეთანხმების გარეშე გადაასვენეს.  7 იანვარს, მედია საშუალებებით გასაჯაროებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ კი საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისთვის.

"იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის. 

ამასთან, საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად. კერძოდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ შესთავაზა გარდაცვლილის ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის პოზიცია საია-ს ადვოკატმა წერილობითი ფორმით არაერთხელ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, თუ რომელი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობა იყო მისაღები ოჯახისთვის, თუმცა, გამოძიებამ, დაპირების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წარდგენილი შეთავაზება, რის მიზეზადაც კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების არარსებობა დასახელდა (ოჯახის სურვილი იყო პროცესში ექსპერტის ჩართვა ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან).

საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას", - წერს ორგანიზაცია.

საია აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ ლექსოს ნაწილში 6 პირს წარუდგინა ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, ხოლო წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებას ასევე დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი. 

"მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან  ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა. ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საიას მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

საია ლექსო ლაშქარავას ოჯახთან შეთანხმებით, გააგრძელებს მიმდინარე გამოძიებების პროცესში ოჯახის უფლებების დაცვას. საია-ს ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თაობაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი