მიხეილ სააკაშვილთან დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მკურნალ ექიმს, ეს მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. 

როგორც ადვოკატმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს ამ დრომდე არ უშვებენ, რაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

მისივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, ვინ ზრუნავს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და როგორ მიმდინარეობს მისი მკურნალობა.

"დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს და ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების. არანაირი წვდომა არ გვაქვს ინფორმაციაზე, ვინ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და საერთოდ რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება მასთან, ბუნებრივია, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და პრინციპში, კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისთვის იმ სამედიცინო სერვისების გაწევა, რაც აუცილებელია და ეს აუცილებლობა დადასტურებულია ორი კონსილიუმის დასკვნებით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ადვოკატებს კვლავ არ აძლევენ მიხეილ სააკაშვილთან დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართა.

"ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო, თუმცა დღემდე, ნომერ 12-ე დაწესებულება და მისი დირექტორი არაფერს აკეთებს, რომ ეს უკანონო ბარიერი რაც ჩვენსაც და მიხეილ სააკაშვილს შორის არის აღმართული, გაუქმდეს. მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, ნებისმიერ დაწესებულებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე", - თქვა უფლებადამცველმა.

მესამე პრეზიდენტს დღეს პოლიტიკური თანაგუნდელებიც მოინახულებენ. მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი