დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელი ერთი მეოთხედით შემცირდა და სასჯელის ზომად 10 წელი და 6 თვე განისაზღვრა.

"საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. მოზარდებს შორის დაპირისპირებისას 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი