თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებასა და იუსტიციის სამინისტროს გამართლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სასამართლო ინსპექტორის სამსახურს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. უწყების მტკიცებით, საქმე კანონმდებლობით დადგენილი ვდების ფარგლებში განიხილეს.
"სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.
ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს - გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები", - წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე: