შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი - 1985 წელს დაბადებული ვ.ი. და 1989 წელს დაბადებული ს.ი.
სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების შემოწმებისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 1 ვაზნა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ხ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "BLOW MINI MOD 2003"-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.