"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, შსს-მ Facebook რეკლამებში 18 თვეში $1 049 დახარჯა, საიდანაც $600 მხოლოდ მოკლული ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას ვიდეოების გავრცელებას მოხმარდა.
ორგანიზაციის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 6 -ჯერ ნაკლები თანხა დახარჯა მინისტრის მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის, სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობამდე მიტანაზე.
შსს-მ 6-ჯერ ნაკლები, დაახლოებით $100, დახარჯა მინისტრის მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის FB-ის საშუალებით მოსახლეობამდე მიტანაზე. ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა და ეს პირველი შემთხვევაა 2008 წლის შემდეგ, როდესაც ქართველი ჟურნალისტი ამ სიაში ხვდება. სახალხო დამცველისა და Human Rights Watch-ი ანგარიშები ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე გვაუწყებენ. ამის მიუხედავად, შსს-ს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2020-თან შედარებით 2022-ში სამინისტროს დაფინანსება თითქმის 100 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში, 2020-22 წლებში 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.
ცნობისთვის, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა. ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ისევ თავისუფლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. მეტიც, "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებმა საკუთარი პარტიაც კი დაარეგისტრირეს.